საპარლამენტო არჩევნები: „ქართული ოცნება“ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას

© FB / "Грузинская мечта"კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი
კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, დეპუტატობის ქალ-კანდიდატთა რაოდენობა გაიზარდა. NDI-მ ათი წამყვანი პარტიისა და საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიები შეადარა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული ათი წამყვანი პარტიისა და ბლოკის სიების შედარებამ აჩვენა, რომ დეპუტატობის ყველაზე ცოტა ქალი კანდიდატი მმართველ პარტია „ქართულ ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს.

კვლევა აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 19 სექტემბრის მონაცემების საფუძველზე ჩაატარა.

„გენდერული უთანასწორობის გადასალახავად მხოლოდ პარტიების კეთილ ნებაზე დაყრდნობა საკმარისი არაა. ეს უთანასწორობა, დიდი ალბათობით, შემდეგ პარლამენტში გაიზრდება, რადგან ყველაზე დიდ და პოპულარულ პარტიებში ყველაზე ცოტა ქალი კანდიდატებია წარმოდგენილი“, — ნათქვამია NDI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში.

წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამჯერად ქალი კანდიდატების რიცხვი უმნიშვნელოდ გაიზარდა. 2012 წელს მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი 14% იყო, ხოლო 2016 წელს — 17%. ბოლო არჩევნებზე პარტიულ სიებში იყო 31% ქალი, ხოლო 2016 წელს — 37%.

გიორგი მღებრიშვილი და თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
შსს და ცესკო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ

ყველაზე მეტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალი „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს — 32%. პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე თინათინ ხიდაშელი არიან.
შემდეგ მოდის კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“ (28%), შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“ (24%), ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (21%).

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალების თანაბარი რაოდენობა (18%) წარმოდგინეს ბლოკებმა „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ და „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“.

ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატების“ სიაში მაჟორიტარი დეპუტატობის ქალი კანდიდატი 14%-ია, ბლოკის „ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ – 13%.

ყველაზე ნაკლები მაჟორიტარი დეპუტატობის ქალი კანდიდატი მმართველ პარტია „ქართულ ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ და ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს — შვიდ-შვიდი პროცენტი.

რაც შეეხება პარტიულ სიებს, ყველაზე „ქალური“ სია ნინო ბურჯანაძის ბლოკმა წარმოადგინა — 41%.

შემდეგ მოდის „ლეიბორისტული პარტია“ (40%), „პატრიოტთა ალიანსი“ (38%), „რესპუბლიკური პარტია“ (34%), „ეროვნული ფორუმი“ (32%), „თავისუფალი დემოკრატები“ (33%), „მრეწველები“ (33%), ენმ (25%), „სახელმწიფო ხალხისთვის“ (20%).

ყველაზე ნაკლები რაოდენობით ქალები „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია არიან წარმოდგენილი — 12%.

კანონით, პარტიები და ბლოკები, რომელთა სიის ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება წარმოდგენილი, დამატებით 30% სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. 25 საარჩევნო სუბიექტიდან ამ მოტხოვნას მხოლოდ 25 აკმაყოფილებს.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150-იდან 18 ქალია, რაც 12%-ს შეადგენს. ეს ევროპული ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 25,8%-ით ნაკლებია.

NDI-ში აღნიშნეს, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის მხრივ საქართველოს 194 ქვეყანას შორის 147-ე ადგილი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0