თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთში ლევილის მამული საქართველოს გადეცა, შესაბამის აქტზე ხელმოწერის ცერემონია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერეს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ და ასევე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებმა.
ცერემონიას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე, ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემა ჯერ კიდევ 2011 წელს გადაწყდა. უკვე ცნობილია, რომ იქ სამეცნიერო-კულტურული ცენტრი გაიხსნება ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.
შეგახსენებთ: ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსათვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.