თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 23 სექტემბერს, იაპონური კულტურის ერთდღიანი ფესტივალის ფარგლებში, იაპონური ნიღბების თეატრი „ნო“ წარმოდგენას გამართავს.
ფესტივალი „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულება, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით.
სპექტაკლს, რომელიც 15 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება, სპეციალურად ამ დღისთვის იაპონიიდან მოწვეული მსახიობები წარმოგვიდგენენ.
გარდა ამისა, ფესტივალზე შესაძლებელი იქნება იაპონური კერძების, „ტაიიაკისა“ და „ტაკოიაკის“ დაგემოვნებაც.
წარმოდგენის ბოლოს დამსწრეებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხზე გაესაუბრნენ იაპონელ მსახიობებს.