თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის 1,5 მლნ ლარი გამოყო, რაც სხვა პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ დახარჯულ თანხას ორჯერ ჭარბობს.
10-30 აგვისტოს პერიოდში არჩევნებზე რეგისტრირებულმა პარტიებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა რეკლამაზე 3,7 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.
წინასაარჩევნო რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა, „ქართული ოცნების“ შემდეგ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ — თითქმის 716 ათასი ლარი გამოყო.
ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საარჩევნო რეკლამაზე 555,5 ათას ლარზე მეტი დახარჯა. ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამის ხარჯებმა 268 ათასზე მეტი ლარი შეადგინა, ხოლო შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტიის“ — თითქმის 146 ათასი ლარი.
ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ რეკლამაზე 133 ათას ლარზე მეტი დახარჯეს, „რესპუბლიკელებმა“ – 126 ათას ლარზე მეტი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ — თითქმის 121 ათასი, „ეროვნულმა ფორუმმა“ – 120 ათას ლარზე მეტი.
რეკლამაზე ყველაზე ცოტა თანხა გამოყვეს პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ — 13,3 ათას ლარზე ცოტა მეტი და ბურჭულაძის პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 1 ათასი ლარი.