თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“, „იმედისთვის“, „მაესტროსა“ და GDS-ისთვის ეგზიტპოლებს საერთაშორისო კვლევითი კომპანია TNS ჩაატარებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო.
კონტრაქტის საერთო ღირებულება, „საზმაუს“ დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თქმით, 937,6 ათას დოლარს შეადგენს. აქედან 200 ათას ლარს (დაახლოებით 87 ათასი დოლარი) „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაფარავს.
„დანარჩენ თანხას ეს სამი კომპანია გადაიხდის. ველზე სამუშაოებს კომპანია „გორბი“ ჩაატარებს“, — განმარტა გიორგი ბარათაშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ეგზიტპოლები ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კვლევით კომპანიას, GFK-ს დაუკვეთა.
თბილისის გარდა, ეგზიტპოლები ჩატარდება: ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში. პროცესი ასევე მოიცავს კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებს.
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პირველ ადგილზეა და მისი რეიტინგი 35,9%-ია.
მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა: მეორე ადგილი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 34.2%, მესამე ადგილი — პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ — 9,8%.