თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მსოფლიოს დღეს „დღე მანქანის გარეშე“ 22 სექტემბერს აღნიშნავენ.
ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას შეუერთდა საფრანგეთი. უკვე 2001 წლისთვის მოძრაობას მსოფლიოს 35 ქვეყნის ათასზე მეტი ქალაქი შეუერთდა.
საქართველოს დედაქალაქის ავტოტრანსპორტთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე დასაშვებ ნორმას სამჯერ ჭარბობს.
„დატოვეთ ავტომობილი, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ერთად ვნახოთ, რამდენად უკეთესია ქალაქი ნაკლები გამონაბოლქვისა და ხმაურის გარეშე! თბილისი მანქანების კი არა, ჩვენი ქალაქია!“, — აღნიშნულია აქტივისტების განცხადებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე პირობებში ავტომობილზე მთლიანად უარის თქმა შეუძლებელია, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები, თუნდაც წელიწადში ერთხელ, საზოგადოებას ახსენებენ პრობლემებს, რომლებიც ავტოტრანსპორტთან არის დაკავშირებული.
მსოფლიოს მსხვილი ქალაქები ამ დღეს ავტომობილების მართვას ერიდებიან და სარგებლობენ ტრამვაით, ტროლეიბუსით, ავტობუსით, მეტროთი ან საზოგადოებრივი სხვა ტრანსპორტით, ასევე ველოსიპედით, ან ფეხით სიარულს ამჯობინებენ. ზოგიერთ ქალაქში ამ დღეს სპეციალურად ორგანიზებული ღონისძიებებიც იმართება.