თბილისი, 20 თბილისი– Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული სამხედრო ავიაციის 24-ე წლის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
1992 წლის 19 სექტემბერს ქართული ავიაციის ქვედანაყოფი პირველად აღიჭურვა საავიაციო-საბრძოლო ტექნიკით. სამხედრო მფრინავებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ ორი ერთეული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით პირველი გაფრენა განახორციელეს. სწორედ ამიტომ დაწესდა 19 სექტემბერს ქართული სამხედრო ავიციის პროფესიული დღე.
თავის გამოსვლაში თავდაცვის მინისტრმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. იზორიას წინამორბედმა თინათინ ხიდაშელმა 2015 წელს ფრანგულ მხარესთან ხელი მოაწერა ორ შეთანხმებას საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ. დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
„თქვენთვის ცნობილია, რომ ახლო წარსულში სტუმრად გვყავდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი და ჩვენ ვგეგმავთ საფრანგეთთან ერთად იმ ხელშეკრულების განხორციელებას, რაც უკავშირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს საჰაერო სივრცე, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ღირსეულად უნდა იყოს დაცული, აღნიშნა იზორიამ.
ქართული სამხედრო ავიაციის დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყვავილებით შეამკო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულტა მემორიალი.
საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, აეროდრომის ტერიტორიაზე სტუმრებისთვის საავიაციო გამოფენა გაიმართა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო ავიაციას რვა ერთეული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ჩეხური წარმოების 11 სამხედრო-სასწავლო L-39 Albatros-ი და ორი სასწავლო — საწვრთნელი L-29 Delfin-ი ჰყავს.
თვითმფრინავები — 12 ერთეული მი-24 П, ექვსი ერთეული მი-24 В, ერთი მი-14,18 მი-8, ცხრა ერთეული „იროკეზი“ (UH-1H), ექვსი ერთეული მრავალმიზნობრივი Bell-212-ის ტიპის ამერიკული თვითმფრინავი და ორი მი-2.