თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებს საქართველოს პროკურატურაში გამოცხადებას 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე, იუწყება „პირველი რადიო“.
,,მე 26 მაისთან დაკავშირებით დაკითხული ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მაგათ აინტერესებდათ და რაც ჩემთვის იყო ცნობილი. მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისის თვემდე და როცა პროკურატურას რაიმე კითხვა გააჩნდა ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი“ — განუცხადა ლორთქიფანიძემ „პირველ რადიოს“.
მისი თქმით, დღეს ის უკრაინაში მუშაობს ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად და არ იცის, როდის მოახერხებს საქართველოში ჩამოსვლას.
„დღეს მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნისს შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა, ვერ გეტყვით“, — ამბობს ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ: სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის თაობაზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ბრალი შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს. ამას გარდა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე გახლდათ.