თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრ კელჩევსკისთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მისია, საქართველოს მთავრობის მოწვევით, 30 აგვისტოდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს შეუდგა.
„მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა არჩევნების მშვიდად და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატვა და დაცული იქნება ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმა“, — განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა კელჩევსკის ცოტა ხნის გამოცემული ბრძანება გააცნო, რომლის თანახმად შეიქმნა პოლიციელების სპეციალური ჯგუფები, რომლებიც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი პროვოკაციული ინციდენტის აღკვეთაზე იმუშავებენ.
ორშაბათს შს მინისტრმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საყოველთაო კენჭისყრის დღეს მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაა მიმართული.
საპარლამენტო არჩევნების საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.