თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი რუსეთში დიდ საგასტროლო ტურში მიემართება.
როგორც Sputnik-ს თეატრის პრეს-სამსახურში განუცხადეს, მსახიობები 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის ხუთ ქალაქში გამოვლენ.
რუსულ გასტროლზე გრიბოედოვის თეატრს მიაქვს ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“.
სპექტაკლი დიდი თეატრალური რეჟისორისა და პედაგოგის გიორგი ტოვსტონოგოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ამ დადგმის პრემიერა თბილისში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. მას შემდეგ სპექტაკლი აჩვენეს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, მახაჩყალაში, ერევანში, ბაქოში, სარანსკში, ბრესტში, მინსკსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
2013 წელს სპექტაკლმა რუსეთში მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე „ოქროს რაინდი“ გრან-პრი მიიღო.
დადგმაში მონაწილეობენ მსახიობები: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგენიძე, გიორგი ზანგური, მიხეილ არჯევანიძე, ანა არუთუნიანი-ნიკოლავა და სხვები.
გრიბოედოვის თეატრის გასტროლი ხორციელდება საგასტროლო საქმიანობის მხარდაჭერის ფედერალური ცენტრის „დიდი გასტროლები“ პროექტის ფარგლებში.