თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა, სტუდენტების ნაწილთან ერთად უნივერსიტეტში დაუყოვნებლივ რეფორმების გატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები განაახლა და შიმშილობა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე არჩილ ფრანგიშვილის მესამე ვადით არჩევა ოთხმა პროფესორმა ჯერ კიდევ აპრილის თვეში გააპროტესტა და შიმშილობა დაიწყო. მაშინ პრეფესორების მოთხოვნა არ ადკმაყოფილდა. თუმცა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასულიერო პირების თხოვნით, პროფესორებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
„მათ არანაირი რეფორმა არ გაატარეს, არ ეცვალეს კურსი, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი, ღმერთმა უწყის, საით მიჰყავს. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს რეფორმები, ჩვენ ამას ვითხოვთ. სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ უნივერსიტეტში პროფესიონალი პროფესორები“, — განაცხადა პროფესორმა ზაალ მიქაძემ.
აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის ფოიეში შესვლა სცადეს, მაგრამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის ნება არ მისცეს.
სტუდენტები, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც უნივერსიტეტს ძველ ავტორიტეტს დაუბრუნებს და განათლების ხარისხს აამაღლებს.
გაფიცული პროფესორების განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ხოლო მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კი შიმშილობის აქციაში გადაიზრდება,
ტექნიკური უნივერსიტეტის იურისტის განცხადებით, რექტორი ფრანგიშვილი კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული.