თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, რომელიც UNICEF-მა 2015 წელს ჩაატარა, სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 38% ბავშვთა ბაღებში არ დადიან, განუცხადა Sputnik-ს UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.
აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია სკოლამდელი განათლების ახალი დამატებითი დაწესებულებების გახსნა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს უკვე არსებულ ჯგუფებში ბავშვების დამატების ხარჯზე, რამდენადაც ბავშვების ასეთი დიდი რაოდენობა ნეგატიურად აისახება საგანმანათლებლო პროცესზე, მიიჩნევენ UNICEF-ში.
„სკოლამდელი განათლების ხარისხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული — საბაზო, ფიზიკური და სოციალური გარემო, პროგრამა და რესურსები, ბავშვის ასაკისა და განვითარებისათვის შესატყვისი, მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ჯგუფებში ბავშვთა არცთუ დიდი რაოდენობა“, — განაცხადა ქურციკიძემ.
UNICEF-ის სპეციალისტების რეკომენდაციების თანახმად, ვითარების გაუმჯობესებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სხვადასხვა სტრატეგიები უნდა გამოიყენონ: ააშენონ ახალი საბავშვო ბაღები, მოახდინონ ვაუჩერებით დაფინანსება, რომლის საშუალებითაც ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო ბაღებში მოხვედრას ვერ ახერხებენ, შეძლებენ კერძო ბაღებში სიარულს.
აღნიშნული მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ბიძგები შეიმჩნევა. 2017 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ამოქმედდება ხელისუფლების მიერ დამტკიცებული აუცილებელი ეროვნული სტანდარტები, რომლებიც შეეხება განათლებას, კვებას, ჰიგიენასა და ინფრასტრუქტურას. ყველა საბავშვო ბაღი მოვალე იქნება დაიცვან მოცემული სტანდარტები.