თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა, იტყობინება თბილისის მერია.
ახალი საბავშვო ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს, დასაქმდება 65-მდე ადამიანი.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
„ადგილობრივებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით მოგვარდება ათეულობით წლების განმავლობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა. აღსანიშნავია, რომ აშენდა ახალი შენობა, ბაღს ექნება კეთილმოწყობილი ეზო და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. ჩვენს პატარებს ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომელმაც მშენებლობა მოინახულა.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის ტერიტორიაზე აშენდა. არსებული შენობა 2011 წელს, მძიმედ ავარიულობის გამო, დაიხურა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 1 063 170 ლარია გამოყოფილი.
გარდა ამისა, შემოდგომაზე თბილისში კიდევ 2 ახალი ბაღი გაიხსნება.