თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნოდარ ტაბიძის გარადცვალების გამო მწუხარება გამოხატა. გალაკტიონ ტაბიძის ძმიშვილი 86 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
„გამორჩეული პუბლიცისტი და შესანიშნავი პედაგოგი, იგი ერთნაირი თავდადებით ემსახურებოდა ჟურნალისტიკის განვითარებას და მომავალ თაობათა აღზრდას. განუზომელია ბატონი ნოდარის წვლილი მისი ბიძის, დიდი გალაკტიონის შემოქმედების მეცნიერულ შესწავლაში", — ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მის ოჯახთან ერთად ვწუხვარ ამ დანაკლისს და პატივს მივაგებ ბატონი ნოდარის ნათელ ხსოვნას.
ნოდარ ტაბიძე დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას, დედა-უნივერსიტეტს, მთლიანად ჩვენ საზოგადოებას, აღნიშნა მარგველაშვილმა.
ნოდარ ტაბიძე მრავალი წლის განმავლობაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. ის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომის ავტორია. ნოდარ ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძის, ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტ სერგი მესხისა და ცნობილი მწერლის, ვაჟა-ფშაველას პრემიების ლაურეატი იყო.