თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი აფროამერიკელების მდგომარეობას ამერიკაში მუქ ფერებში ხატავს, მან პირობა დადო, რომ ტრამპს ისტორიას ასწავლის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„თქვენ ალბათ მოისმინეთ ჰილარის ოპონენტის სიტყვები, რომ შავკანიანებისთვის ამერიკაში ამაზე უარესი დრო არ ყოფილა. მას დაავიწყდა სამოქალაქო უფლებების გაკვეთილების შინაარსი (ამერიკის სამხრეთის რასისტული კანონები 1960 წლამდე, — რედ.), მაგრამ ჩვენ გვაქვს მუზეუმი, რომლის მონახულებაც შეუძლია — ჩვენ მას ვასწავლით“, — განაცხადა ობამამ აფროამერიკელ კონგრესმენთა საზოგადოების საზეიმო ღონისძიებაზე.
თავად აშშ-ის პირველმა აფროამერიკელმა პრეზიდენტმა უკვე მოინახულა აღნიშნული მუზეუმი, რომელიც ვაშინგტონის ცენტრშია განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ოფიციალურად მხოლოდ 24 სექტემბერს გაიხსნება, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტს კერძო ექსკურსია მაინც მოუწყეს.