თბილისი, 18 სექეტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის სასარგებლოდ მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე.
„მე ჩემს არჩევანს გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რას მეტყვიან პოლიტიკოსები, რანაირად აპირებენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და გაუმჯობესებას, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ეს ნაწილი სერიოზულ რეფორმირებას მოითხოვს. მე მაინტერესებს კონკრეტულად როგორ დამანახებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები რა ტიპის ეკონომიკურ პროგრამას გაატარებენ და როგორ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები… დავაკვირდები, რა პოლიტიკურ პოზიციას შემოგვთავაზებენ საგარეო პოლიტიკური კუთხით“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
პრეზიდენტი ასევე შეეხო საპარლამენტო არჩევნებზე დესტაბილიზაციის საკითხსაც.
„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც განწყობილები არიან დესტაბილიზაციისკენ, აგრესიისკენ. მეტიც, მეგობრების წრეშიც კი არიან უფრო დალაგებული, მშვიდი და მოაზროვნე ადამიანები და არიან უფრო ფეთქებადი და
აგრესიული ადამიანები. ეს პროცესი ასევე არის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში — არიან უფრო დალაგებული, მშვიდი მოაზროვნეები, რომლებიც სტრატეგიულად აზროვნებენ და პოლიტიკურ კონტექსტში ხედავენ პროცესს და არიან უფრო თავქარიანები და ერთხელ მე ვახსენე, მოძველბიჭო ელემენტებიც“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ეს პროცესი და დინამიკა ყველგან არსებობს და სრულიად შესაძლებელია, ასეთი დინამიკა არსებობდეს დღესაც ამა თუ იმ ჯგუფში“, ის თავს იკავებს რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ბრალდებების წაყენებისგან.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთგვაროვანია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი. არიან ხოლმე ასეთი, თავქარიანი ტიპაჟები — ყველგან არიან და ვერავინ მეტყვის, რომ მათში არ არის ასეთი ადამიანი“, — დაამატა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.