თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების დავით და გიორგი ერისთავების სახლ–მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.
დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. იგი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში. მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები და დოკუმენტური მასალები.
როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, რესტავრაციის ფარგლებში დაგეგმილია სახლის სახურავის, აივნებისა და ღვინის მარნის სრული აღდგენა.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. სამუშაოები 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
გიორგი ერისთავი ცნობილი ქართველი მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და მთარგმნელი იყო. მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ პროფესიულ თეატრს.
მისი ვაჟი – დავით ერისთავი იყო პოეტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი.