თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიამ საქართველოში აპოთეოზს მიაღწია — პარტიებსა და მათ მომხრეებს შორის ხელჩართული ჩხუბები იშვიათი მოვლენა არ არის.
არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხელისუფლებამ ოპონენტებს მემორანდუმის გაფორმებისკენ მოუწოდა, რომელიც მათი მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი იქნება. თუმცა ოპოზიციონერთა ნაწილს ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ კეთილ ზრახვებში.
მშვიდობის ჩიბუხი
მემორანდუმის ტექსტი ჯერჯერობით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მისი უმთავრესი მოთხოვნა კონტრაქციებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ხელის შეშლაზე უარის თქმა იქნება.
„კონტრაქციები პროვოკაციების მოწყობის ყველაზე საშიში ინსტრუმენტია, მათ შორის, ძალადობის პროვოცირებისთვის. გამომდინარე აქედან, ძალადობის პროვოცირების საფრთხეცა და თავად პროვოკაციებიც მინიმუმადე იქნება დაყვანილი“, — ირწმუნება კობახიძე.
სკეპტიკოსები წინააღმდეგნი არიან
ოპოზიცუირ პარტიათა ნაწილს არ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარება სურს.
„ჩვენ ხელს არ მოვაწერთ ამ მემორანდუმს, იმიტომ რომ ეს ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა“, — განაცხადა „ლეიბორისტთა“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ თავად უნდა გააკონტროლოს სიტუაცია და არ დაუშვას პროვოკაციები.
ხელისუფლებისა არც პაატა ბურჭულაძის პარტიაში სჯერათ.
„ხელისუფლებასავით არავის შეუძლია არეულობის მოწყობა. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია შეძლებისდაგვარად რთულ და დაძაბულ ვითარებაში“, — განაცხადა „სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრმა პაატა ჯიბლაძემ.
რაც შეეხება ყოფილ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ეს უბრალოდ პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან.
„ხელისუფლებას არ გააჩნია მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების პოლიტიკური ნება. სჯობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეწყვიტოს ხალხის დაშინება და ძალადობის შემთხვევები გამოიძიოს“, — შენიშნა ენმ-ის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
მშვიდობისთვის მზადმყოფნი
ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი მზადაა, ხელი ნებისმიერ მემორანდუმს მოაწეროს, რომელიც არცევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. ასეთთა შორის არიან „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“.
„რესპუბლიკური პარტიის“ არცერთ წევრს არ დაურღვევია კანონი და არც ეცდება დარღვევას. ამიტომ, მოვაწერთ თუ არა ამ მემორანდუმს ხელს, ჩვენი ქმედება იქნება უცვლელი. დიახ, ჩვენ ხელს მოვაწერთ მას“, — ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
„ასეთი დოკუმენტი ჩვენ ზედმეტად მიგვაჩნია, მაგრამ მხარს დავუჭერთ, თუკი ეს რამენაირ შედეგს გამოიღებს“, — განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ.
მემორანდუმზე ხელმოსაწერად მზად არიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსშიც“.
“ჩვენ თანახმა ვართ, გაფორმდეს ასეთი მემორანდუმი. თუ ის რამეს შეცვლის, ძალიან კარგი, თუ არა, ჩვენ მაინც ისევე კორექტულად გავნაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას“, — თქვა ალიანსის წევრმა გოჩა თევდორაძემ.