საქართველოს პრეზიდენტმა პარტიებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრის ინიციატივას ე. წ. სამშვიდობო მემორანდუმზე ხელმოწერის თაობაზე მხარი დაუჭირა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიებს მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

მემორანდუმზე, რომელიც კონტრაქციებზე უარის თქმას გულისხმობს, ხელმოწერის ინიციატორია საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ინიციატივის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნება.

„ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრად ვგმობდით ყველა ტიპის ძალადობას; ჩვენ მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე. წ. სამშვიდობო მემორანდუმთან დაკავშირებით და ამავდროულად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ დიალოგში და შეუერთდნენ ამ მემორანდუმს“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

არჩევნებმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს, აღნიშნა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები სრულ მზადყოფნაში არიან. ეს გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობის თაობაზე.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთხელ უარყვეს ხელისუფლების ბრალდებები. ისინი, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პროვოკაციებში მმართველი პარტიაა დაინტერესებული. 

მორიგი საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტობერს არის დანიშნული.


ყველა ახალი ამბავი
0