თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ბოლო, დაუმთავრებელი ნაწარმოებით გაიხსნება. მასზე კომპოზიტორი გარდაცვალებამდე მუშაობდა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საქართველოს დედაქალაქში 17–22 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ გამოჩენილი მუსიკოსები და ანსამბლები საქართველოდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„რეკვიემი“ სამგლოვიარო, სულის მოსახსენებელი მესაა, რომელიც კანონიკურ ლათინურ ტექსტზეა დაწერილი. მოცარტის გარდაცვალების შემდეგ ეს ნაწარმოები იოზეფ ეიბლერმა და ფრანც ზიუსმაიერმა კომპოზიტორის ჩანაწერებზე და წინა ნაწილებზე დაყრდნობით დაასრულეს. „რეკვიემი“ მოცარტის შემოქმედების ერთ–ერთ უდიდეს მწვერვალს წარმოადგენს.
ფესტივალის გახსნის საღამო შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელს ეძღვნება.
მოცარტის ნაწარმოებს შეასრულებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ლოტბარი არჩილ უშვერიძე), სოლისტები: სალომე ჯიქია, ნანა ძიძიგური, ირაკლი კახიძე და სულხან ჯაიანი. დირიჟორია ამოს ტალმონი (ისრაელი).
ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ცენტრის სალაროებში და ონლაინ – ვებგვერდზე www.biletebi.ge.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ფოლკლორული ანსამბლ „გეორგიკას“ კონცერტები. ფესტივალის სტუმართა შორის არიან: ცნობილი კლარნეტისტები – ტყუპი ძმა ალექსანდრ და დანიელ გურფინკელები და დირიჟორი ამოს ტალმონი ისრაელიდან, ანსამბლი „იანოშკა“ ავსტრიიდან, გულდიარ თანრიდაგლის კვარტეტი თურქეთიდან, პიანისტი ილონკა ჰაილინგლო და მევიოლინე ვოლფრამ ბრანდლი გერმანიიდან.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.