თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერია ახალი ნაგვის მანქანების ყიდვას გეგმავს, რათა შეცვალოს დღეს არსებული მანქანები და გააუმჯობესოს ქალაქის დასუფთავების სამსახურის მუშაობის პირობები, განაცხადა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ დღეს ქალაქის მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ამჟამად თბილისს დასუფთავებისთვის 291 ერთეული სპეციალური ტექნიკა ემსახურება. აქედან 28 ერთეული, მერიასთან არსეულმა „თბილსერვის ჯგუფმა“, 2016 წელს შეიძინა.
გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ მთელ ქალაქში 10 ათასზე მეტი ნაგვის ახალი კონტეინერი დაამონტაჟა. დღესდღეობით თბილისში 18,9 ათასზე მეტი ნაგვის კონტეინერია.