შსს-ს წარმომადგენლები დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოწერა
დაკავებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი და დეტექტივ-გამომძიებელი დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი და მასთან ერთად მყოფი მოქალაქე მოწმის სახით დააკავეს. ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში მოწმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა შეხვდა და მას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ხელშეუხებლობას დაჰპირდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
პოლიციელისთვის ქრთამის მიცემა დაკავებით დასრულდა

მოგვიანებით შედგა გარიგება. მოწმე შეხვდა გიორგი კაჭარავას, ასევე დეტექტივ-გამომძიებელს, რომლის ვინაობას სამინისტროში არ ასახელებენ, და მათ თანხა გადასცა.. ამ ეტაპზე თანხის რაოდენობა უცნობია.

ორი დღის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლებმა მოწმეს განუცხადეს, რომ, მისი ნაცნობის პროცესუალური გარიგებისთვის, ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გადასახდელი, ხოლო დამატებით, არაოფიციალურად, ასევე ქრთამი მოითხოვეს.

ეჭვმიტანილთა დაკავება ქრთამის აღების მომენტში მოხდა, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. კაჭარავა ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თერთმეტიდან თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0