თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
დღეს საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
„ვულოცავ მთელ საქართველოს სწავლის დაწყების დღე! განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, პირველკურსელებს, რომლებიც ახალ ფურცელს შლიან თავის ცხოვრებაში. მინდა, რომ ეს ახალი გზის დასაწყისი განსაკუთრებით საინტერესო და წარმატებული იყოს თქვენთვის“, — განაცხადა მარგველაშვილმა ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წლის გახსნისას.
პრეზიდენტი ასევე ეწვია ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიას, სადაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებები პრემიერ-მინისტრმაც უსურვა.
„გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას — მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს. მათ ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ გზაზე“, აღნიშნულია „ფეისბუქის“ კვირიკაშვილის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.