თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამტარ პუნქტთან ახლოს საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა დასრულდა, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
23 ივნისს კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. ამჟამად დროებითი გზა სპეციალურ რეჟიმში მოქმედებს. ტრანსპორტის გადაადგილებისათვის გზა მხოლოდ 6 ივლისს გაიხსნა. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია 05:30 საათიდან 20:00 საათამდე.
„მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სტიქიის შემთხვევაში საევაკუაციო დერეფანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე“, — აღნიშნულია განცხადებაში.
208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუაციო დერეფანი ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან იწყება და დარიალის მამათა მონასტერთან სრულდება, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.
სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიონ 730 ათასი ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ასრულებდა.