თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც კომპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში არიან გაერთიანებული, უკანონო მოსმენისა და თვალთვალის წინააღმდეგ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯის გადადგიმისკენ მოუწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება ინტერნეტ-სივრცეში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივნის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერის, ცნობილი საოპერო ბანის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გასაჯაროებამ გამოიწვია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„ფარული თვალთვალი და მიყურადება, წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო როგორც ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, ასევე — მოსმენების შესახებ არსებული სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება“, — ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს გვარამიასა და ბურჭულაძის ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების საკითხი, აგრეთვე შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სატელეფონო საუბარი სახელწოფდებით „ნიკა გვარამია „დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს“ აკონტროლებს", Youtube-ზე ინტერნეტ-რესურსმა Georgia News Creative-მა გაასაჯაროვა. გვარამიამ და ბურჭულაძემ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში ბურჭულაძის პარტიის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან“ გაერთიანებას არ გამორიცხავს.