თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელმა კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისმა“ დედაქალაქში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნის გაჩენის მიზეზი განმარტა.
თბილისელებმა ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი ქუჩებში დილიდან შეიგრძნეს. სუნი განსაკუთრებით ცენტრალური უბნების — ვაკის, ვერის, საბურთალოს, ასევე ნაძალადევის ნაწილის მცხოვრებლებს აწუხებთ.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, — აღნიშნულია გაზგამანაწილებელი კომპანიის განცხადებაში.
იქვე განმარტებულია, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს“, — აღნიშნულია განცხადებაში.