თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამტრედიის რაიონის ყოფილ ინსპექტორ-გამომძიებელს გოდერძი თევზაძეს, რომელიც სოფელ დაფნარის 22 წლის მცხოვრები დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული, სრული უფლება აქვს, საკუთარი უფლებები დაიცვას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
გოდერძი თევზაძე, პრაქტიკულად, ერთი თვე იძებნებოდა. გუშინ ის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა. დაღუპულის ახლობლები და ნათესავები პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და ბრალდებულის დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვენ.
„ის არის დაკავებული დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის ამ წუთას დროებით აღკვეთილი და მას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავის უფლებები. რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა, რა არის სიმართლე და ვერავინ გაექცევა დანაშაულს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 12 აგვისტოს დაასრულა. მან წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი დაპატიმრებით და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელდა, ვის და სად მოჰყავდა მარიხუანა სამტრედიაში.
გამოძიების ვერსიით, გოდერძი თევზაძემ 7 აგისტოს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სამტრედიის რაიონულ პოლიციაში დემურ სტურუა დაიბარა, რომელთანაც მანამდე სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა.
თევზაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ან/და მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.