თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს სპეციალური საპოლიციო ჯგუფების მეშვეობით, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომელიც ვიდეოხიდის მეშვეობით ჩატარებული სამუშაო თათბირისას სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს უკვე გააცნო.
„ბრძანების მიზანია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
მინისტრმა მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ შსს-ის მთავარი მიზანი არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა, რისთვისაც სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს.
„მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც მოიცავს ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პოლიციელებმა არჩევნების დღეს. ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ჩვენ ასევე ვგეგმავთ ჩვენი პოლიციელების გადამზადებას იმისათვის, რომ მათ კარგად გაიაზრონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები არჩევნების დღეს“, — განაცხადა მღებრიშვილმა.
საქართველოს თითოეულ რეგიონში, საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან, შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც სამოქმედო ტერიტორიებზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას მოახდენენ და შესაბამის ღონისძიებებსაც დაგეგმავენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელების ყველა იმ ქმედებას, რომელიც კანონითა და ინსტრუქციით გათვალისწინებულ ზომებს სცილდება, დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვება.
რაც შეეხება უშუალოდ 8 ოქტომბერს, ამ დღეს პოლიციელთა ჯგუფებს, აუცილებლობის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე შესვლისა და კანონდარღვევის აღკვეთის უფლება ექნებათ.