თბილისი, 14 სექტემბერი— Sputnik. საქართველოში მოქმედი 20 სკოლა, მათ შორის ხუთი თბილისში, სარემონტო სამუშაოების გამო ახალ სასწავლო წელს ორკვირიანი დაგვიანებით დაიწყებს, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება. ჯეჯელავას განმარტებით, სკოლები სრულად არიან მზად ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, მათ უკვე მიღებული აქვთ სასკოლო სახელმძღვანელოები და ნეთბუქები.
„სახელმძღვანელოების 30% ახალია, 70% კი ძველი და ამ 70%-ში შედის ორი და სამი წლის წინანდელი წიგნები. ყველაზე დაზიანებული წიგნები ჩვენ ამოვიღეთ მოხმარებიდან ანუ ამ წიგნეს არცერთი მოსწავლე არ მიიღებს“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრი ასევე შეეხო პედაგოგების პროფესიული განვითარების თემასაც — მათ აღარ დააშინებენ გამოცდებითა და გათავისუფლებით. თუ რომელიმე მასწავლებელი ვერ შეძლებს გამოცდების ჩაბარებას, მაგრამ კარგ მუშაობას გამოავლენს, მას მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ შეექმნება და შესაბამისად, არც გათავისუფლება ემუქრება.
ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.