თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ თბილისელებს ქალაქში ბუნებრივი აირის სუნის გამო ბოდიში მოუხადა. ამის მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, ზედმეტი ოდორიზაციაა.
ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი განსაკუთრებით ცენტრალური უბნების — ვაკის, ვერის, საბურთალოს, ასევე ნაძალადევისა და წყნეთის ნაწილის მცხოვრებლებს აწუხებდათ.
„მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს“, — აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი აირის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წამოადგენს, აღნიშნულია განცხადებაში.