თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად ავითარებს საზღვაო სექტორს, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში გამართულ პირველ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე.
ფორუმი, რომელსაც საქართველო 12-16 სექტემბრის ფარგლებში უმასპინძლებს, ხელს შეუწყობს საქართველოს შავი ზღვისპირეთის პოპულარიზაციასა და საზღვაო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
“საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ჩვენ ძირფესვიანად შევცვალეთ ჩვენი მეზღვაურების განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. საქართველომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს აუდიტორული შემოწმება. ჩვენი საზღვაო ტონაჟი იზრდება მაღალი ხარისხის გემების ხარჯზე”, — განაცხადა პრემიერმა.
საზღვაო ინდუსტრიას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს, დასძინა კვირიკაშვილმა.
„სამომავლოდ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის,” — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. ღრმაწყლოვანი პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში 100 მლნ ტონა უნდა იყოს.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას უწყობს ხელს.
„საქართველო რეგიონში მოწინავე რეფორმატორის იმიჯს ამართლებს. ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას“, — აღნიშნა პრემიერმა.
პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ჩატარდა. ღონისძიების მასპინძელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები.
საქართველოში სამი საზღვაო პორტი ფუნქციონირებს, რომლებიც ბათუმში, ფოთსა და ყულევში მდებარეობენ.