თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაციები არ შედიან სირიაში ზავის მონაწილეთა რიცხვში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნთან ერთობლივი პრესკონფერენციისას.
„9 სექტემბერს ჟენევაში მიღებულმა დოკუმენტების პაკეტმა, რომელიც აშშ-სა და რუსეთთანაა შეთანხმებული და რომელიც ძალაში გუშინ შევიდა, უნდა დაგვეხმაროს სირიის კრიზისის დარეგულირებისკენ მოძრაობაში ანტიტერორისტული ამოცანების გადაჭრის კონტექსტშიც, ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების მხრივაც და ზავის მონაწილეთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცებაშიც, რომელთა რიცხვშიც, რაღა თქმა უნდა, ტერორისტები არ შედიან“, — განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ამ ყოველივემ სირიის შიდა პოლიტიკური პროცესის წინაპირობები უნდა შექმნას, რომლის დროში გაწელვაც უკვე დაუშვებელია.
შეგახსენებთ: ორშაბათს, 12 სექტემბერს ძალაში შევიდა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებათა პაკეტი, რომელიც არაერთი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. ზავი 48 საათით გაგრძელდება, შემდეგ კი კიდევ 5 დღე იმოქმედებს.
ამის შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგება ერთობლივი აღმასრულებელი ცენტრი, რომლის ფარგლებშიც რუსი და ამერიკელი სამხედროები ტერორისტულ ორგანიზაციებზე შეტევების კოორდინაციას მოახდენენ.