თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თუშეთის სოფლების დართლოსა და ჭეშოს დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილი გზიდან ხრამში გადაიჩეხა და მდინარე ალაზანში ჩავარდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავტომობილში მყოფები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. გარდაცვლილი 21 წლის თემურ გოგოთიძეა.
დაშავებულები ვერტმფრენით თბილისის ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.
თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზაა საქართველოში.