თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, საქართველოში ყველაზე მსხვილი საგანმანათლებლო ცენტრი, სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა. საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება და 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი.
„საქართველოში დღეს ფუნდამენტი ეყრება ეპოქალური დანიშნულების პროექტს. აქ, ქუთაისში, ყველაზე თანამედროვე და მასშტაბურ საგანმანათლებლო ცენტრი ფუძნდება. აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ჩვენს რეგიონში უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი გახდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის ქუთაისი შემთხვევით არ შერჩეულა. ქუთაისი — ესაა ქალაქი, სადაც XII საუკუნის დასაწყისიდან XVI საუკუნის დასაწყისამდე გელათის აკადემია ფუნქციონირებდა, რომელიც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ატარებდა.
ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის დაბრუნების იდეა ექს-პრეზიდენტს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
„უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მათ.დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს გამოუშვებს. ეს იქნება ის ხალხი და ის თაობები, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
საუნივერსიტეტო ქალაქი საკუთარ თავში საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს, აუდიტორიებს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, ბიბლიოთეკებს და პროფესორებისა და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელს ითვალისწინებს. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასევე იფუნქციონირებს კინოთეატრები, კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა — ფეხბურთისა და რაგბის სტადიონები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედნები, საცურაო აუზები.
„აქ ყველა ის კომფორტი იქნება, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში არის. და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ლამაზი ბუნება მთლიანად შენარჩუნდება. გამოყენებული იქნება მაღალეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიის სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
უნივერსიტეტში სწავლება ყველა აქტუალური და მოთხოვნადი მიმართულებებით წარიმართება, სადაც მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება.
„აქ ძირითადად შეასწავლიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინჟინერიის სხვადასხვა დარგებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და საქართველოს შესაძლებლობა ექნება სატანადო კონკურენცია გაუწიოს განვითარებულ ქვეყნებს მაღალკვალიფიციური კადრებით", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
უნივერსიტეტს აშშ-ის, გერმანიის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მოწინავე უნივერსიტეტები დაეხმარებიან. ბევრ მათგანთან ინტენსიური თანამშრომლობა უკე დაიწყო. უნივერსიტეტი ასევე გათვლილია უცხოელ სტუდენტებზეც, აღნიშნა პრემიერმა.
„აქ იქნება ისეთი გარემო, როგორც ევროპულ უნივერსიტეტებშია… დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუნივერსიტეტო ქალაქი თავისი პოტენციალით გამორჩეული იქნება და გახდება რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბი“, — დასძინა კვირიკაშვილმა.