თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხსართულიანი ბიბლიოთეკის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება.
ყოველწლიურად უნივერსიტეტი დაახლოებით 200 ათასი ლარის ღირებულების ახალ წიგნებს იძენს, ამიტომ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ ბიბლიოთეკის მშენებლობის ინიციატივა წამოაყენა.
„ბოლო პერიოდში იმდენად გაიზარდა წიგნების რაოდენობა, რომ თავისთავად წარმოიშვა ახალი სივრცის შექმნის აუცილებლობა“, — განაცხადა რექტორმა.
ახალ შენობაში ქუთაისის უნივერსიტეტის წიგნის ფონდი და ის უნიკალური გამოცემები გადავა, რომელთათვისაც შესაბამისი კლიმატური გარემო შეიქმნება. ბიბლიოთეკაში სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
პროექტის ღირებულება 2 მლნ 500 ათასი ლარია.
ბიბლიოთკის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ქუთაისის მერია დააფინანსებს.
ახალი ბიბლიოთეკა ქუთაისში 2017 წლის ბოლოს გაიხსნება.
მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.