თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მერია, ელექტრონული წიგნის სახლ „საბასთან“ და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახალი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას შეუდგა, რომელიც ყველა მსურველს თავის სმარტფონში წიგნის უფასოდ ჩატვირთვის საშუალებას აძლევს.
ამისთვის თბილისში დაახლოებით 300 წერტილი „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკების სპეციალური კონსტრუქციებით მოეწყობა, მათზე დაბეჭდილი QR-კოდის საშუალებით კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს წიგნის ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში, SabaReader აპლიკაციაში, რომელშიც მათ წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ. კონსტრუქციები დამონტაჟდება მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში, პანთეონებთან.
„ეს იქნება თბილისის ლიტერატურული გზამკვლევიც, რომელიც დედაქალაქს ერთგვარ „ღია ცისქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს“, — ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ელექტრონული ბიბლიოთეკის საუკეთესო დიზაინის კონცეფციას კონკურსის შედეგად გამოავლენენ, რომელიც 1 ივნისს დასრულდება. პროექტი დეკემბერში დასრულდება.
ელექტრონული წიგნის სახლი „საბა“ 2012 წელს დააარსეს. ის 3 ათასამდე ელექტრონულ წიგნს მოიცავს.