თბილისი, 12 სექტემბერი— Sputnik. პოლონეთის საელჩოს მიერ რუსეთისათვის გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ რუსი მესაზღვრეები პოლონელებს ქვეყანაში ბელორუსიის საზღვრიდან არ უშვებენ, — იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ დიპლომატიური წარმომადგენლობის პრეს-მდივან ანა ლიტვაზე დაყრდნობით.
პოლონურმა რადიოსადგურ RMF FM-მა მანამდე განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები უცხოელებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან, რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე არ უშვებენ.
რადიოსადგურის მონაცემებით, მოსკოვში პოლონეთის საელჩომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება — დიპლომატიური ნოტა — მას შემდეგ მოახდინა, რაც დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელმა, რომელიც პოლონეთში დარეგისტრირებული ავტომობილით ბრუნდებოდა შვებულებიდან, საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლო.
„დიახ, იყო დიპლომატიური ნოტა“, — განაცხადა ანა ლიტვამ, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით რუსული მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.