თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისში პირველად გაიმართება ცნობილი დანიელი არქიტექტორისა და ავეჯისა და ინტერიერის დიზაინერის, დანიის არქიტექტურაში ფუნქციონალიზმის უდიდესი წარმომადგენლის, ემილ არნე იაკობსონის გამოფენა.
არნე იაკობსონი სკანდინავიური დიზაინის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. არქიტექტურული ნაგებობის გარდა, მან ორიგინალური სკამებისა და სხვა ავეჯის მთელი რიგი შექმნა და რამდენიმე საერთაშორისო დიპლომი და მედალი მიიღო.
მეორე მსოფლიო ომის დროს დანიის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის კურსდამთავრებული, როგორც ებრაელი, დანიიდან შვედეთში გაიქცა, სადაც მას არქიტექტორად მუშაობა აუკრძალეს. ის მხატვარი გახდა ქსოვილების განხრით. ომის დასრულების შემდეგ არნე იაკობსონმა ავეჯის დიზაინში სცადა ბედი. მისი მრავალი ნამუშევარი კლასიკური ნიმუში გახდა: სკამი-კვერცხი, სკამი-ჭიანჭველა, „ნომერი 7“, სკამი-გუმბათი, სკამი-გედი და სკამი-ჟირაფი.
დანიელი დიზაინერის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით Iconic Chair თბილისში 12 სექტემბერს გაიმართება.
იაკობსონის ნამუშევრებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ავტორების სკამებიც. მათ შორის არიან ანუკა თავართქილაძე (Anuka Tavartkiladze Product Design), ზვიად სურგულაძე (Surgula Studio), ია ქუთათელაძე (IAAI), სანდრო ლომინაშვილი (Sandro Lominashvili) და თორნიკე ჭელიძე (Line Architects).
„რადისონ ბლუს გუნდი დღეს ამაყია რომ არსებითი წვლილი მიუძღვის ლეგენდის შექმნაში. ამასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ კომპანიამ საერთაშორისო კონკურსი „Create Your Own Icon” ჩაატარა, სადაც 66,000-მდე დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლენილი 15 გამარჯვებულის მიერ შექმნილი დიზაინებით კი მინიატურული „კვერცხის სკამები“ გაკეთდა, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა რადისონებში მოგზაურობენ“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
არნე იაკობსონისა და ქართველი დიზაინერების სკამების გამოფენა ერთი დღეს გასტანს — 19:00-დან 21:30 საათამდე. წარმოდგენილი ექსპონატების მინიატურული კოლექცია Radisson Blue Iveria-ში ხელმისაწვდომი ერთი კვირის განმავლობაში იქნება.