თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრაცია კიდევ ერთ პარტიას „ საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიას“ მოუხსნა.
გასულ კვირას წინასაარჩევნო მარათონს საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ გამოეთიშნენ. „თოფაძე-მრეწველები“ პარტიული სიის არქონის გამო მოიხსნა რეგისტრაციიდან, „გირჩი“ კი თავისი ინიციატივით.
„საარჩევნო სუბიექტმა „საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ კანონით დადგენილ ვადებში პარტიული სიები ვერ წარმოადგინა“, — განმარტეს ცესკოში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
მასში 5 საარჩევნო ბლოკი და 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაბამის სუბიექტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ.