თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩვნო ბლოკ „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლოსა“ და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩს“ საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრაცია გაუუქმა.
„საარჩევნო ბლოკი „თოფაძე მრეწველები — ჩვენი სამშობლო“, როდესაც შემოწმდა მათ მიერ წარმოდგენილი ბაინდერი, სააღრიცხვო ბარათები, დოკუმენტი და წერილი, რომელიც შემოიტანეს, არ ახლდა ამ დოკუმენტაციას პარტიული სია. საარჩევნო კოდექსით საარჩევნო სიის წარმოუდგენლობა გახლავთ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი და, რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიღებს კანონით დადგენილ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.
რაც შეეხება „გირჩს“, პარტია საკუთარი ინიციატივით მოიხსნა არჩევნებიდან.
შეგახსენებთ: „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ გასულ თვეში პაატა ბურჭულაძის ბლოკს შეუერთდა, თუმცა, მეცენატმა ცოტა ხნის წინ ცესკოს წერილობით აცნობა, რომ არჩევნებში „გირჩის“ გარეშე მიიღებს მონაწილეობას.
ახლა ბლოკში „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ დარჩენილია სამი პარტია: თავად „სახელმწიფო ხალხისათვის“, გიორგი ვაშაძის „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და მამუკა კაციტაძის „ახალი მემარჯვენეები“.
აღსანიშნავია, რომ ბლოკ „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ საარჩევნო სიაში კვლავ ირიცხებიან „გირჩის“ ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.