თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონობა მიულოცა.
ფინალურ ორთაბრძოლაში გუგუჭურმა, რომელიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, უკრაინელი ალექსანდრ ნეზარენკო დაამარცხა. პარალიმპიადის ისტორიაში საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.
„თითოეული ქართველი ამაყობს მისი (ზვიად გოგოჭური — რედ.) თავდადებითა და შემართებით“, — დაწერა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. ჩემპიონატის უპირობო ლიდერად ჩინეთის გუნდი ითვლება, რომლის ანგარიშზეც 23 ოქროს, 24 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალია.