თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი გაუგზავნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
15 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოხდა.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა — პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანის შტატში კატასტროფა განიცადა.
„9/11 იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულ დროს, ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი. მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკის სახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება მოუტანა", — ნათქვამია წერილში.
საქართველო პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ტრაგიკული მოვლენების დროს დაიღუპნენ და თანადგომას უცხადებს ამერიკელ ხალხს, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის“, — აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.