თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი აშშ-ში 15 წლის წინ მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა — პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანის შტატში კატასტროფა განიცადა.
11 სექტემბრის ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი ად 60 პოლიციელი.
დაღუპულად ითვლება ასევე 19 ტერორისტი, რომელთაგან 15 საუდის არაბეთის, ორი არაბთა გაერთიანებული საემიროების, ერთი ეგვიპტისა და ერთიც ლიბანის მოქალაქე იყო.
11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ციფრი უცნობია. 2006 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზარალმა ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ 11 სექტემბრის ტერაქტს შურისძიება დაარქვა ამერიკის აგრესიული პოლიტიკაზე, რომელიც ისლამური ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
11 სექტემბრის შემდეგ „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა.
მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.
2011 წელს ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა, რომელიც ფორმით ზუსტად იმეორებს ტყუპი კოშკების ფუნდამენტის პერიმეტრს. მემორიალზე ტრაგედიის მსხვერპლთა გვარებია ამოტვიფრული.
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, 2001 წლის 11 სექტემბერს პირველი თვითმფრინავი როკფლერის ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს 08:46 საათზე შეეჯახა. სამხრეთის ცათამბჯენთან შეჯახება 09:03 საათზე მოხდა. კიდევ ნახევარ საათში ერთი თვითმფრინავი პენტაგონს დაეჯახა, ხოლო მეოთხე ბოინგმა, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, თეთრი სახლი ან კონგრესის შენობა იყო, დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია. თვითმფრინავის მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიაში ჩამოვარდა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ 2 ათას 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა მსოფლიოს 86 ქვეყნიდან. საერთო ჯამში, თვითმფრინავის მგზავრებიანად 11 სექტემბერის ტერაქტებმა, დაახლოებით, 3000 ადამიანი შეიწირა. დაშავდა ათობით ათასი ადამიანი.
ამ მოვლენებმა თანამედროვე ამერიკის ისტორია ორ ნაწილად გაყო: 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ.