თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ტირანაში ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ალბანეთის ნაკრები ანგარიშით 86:64 დაამარცხა.
მიუხედავად წარმატებისა, ნაკლებად შეიძლება იმის თქმა, რომ ილიას ზუროსის გუნდის წევრები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. მატჩის დასკვნითი მეოთხედის დაწყების წინ ქართველები ალბანელებს ხუთი ქულით უსწრებდნენ. მხოლოდ თამაშის ბოლო ნაწილში აჩვენეს სტუმრებმა კლასი და ანგარიშით 28:13 დაწინაურდნენ.
მოედანზე ყველაზე შედეგიან ქართველ მოთამაშედ კვლავ ზაზა ფაჩულია გახდა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემაა. საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ეფექტურ მოთამაშედ თორნიკე შენგელია იქცა. მოედანზე ყოფნის 19 წუთის განმავლობაში მან 12 ქულა მოაგროვა.
"F" ჯგუფის მეორე შესარჩევ მატჩში მონტენეგროს გუნდმა სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 99:62 დაამარცხა.
ოთხი მატჩის შემდეგ ჯგუფში რვა ქულით მონტენეგრო ლიდერობს, საქართველოს ნაკრები კი შვიდი ქულით მეორე ადგილს იკავებს.
ევრობასკეტ-2017-ის კვალიფიკაციაში 27 ნაკრები მონაწილეობს. ისინი 7 ჯგუფად არიან დაყოფილი: ექვსი ჯგუფი ოთხ გუნდად და ერთი ჯგუფი — სამ გუნდად. ევრობასკეტ 2017-ის საგზურს მიიღებენ ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილზე გავლენ, ასევე 4 გუნდი მეორე ადგილზე გასულთაგან საუკეთესო მაჩვენებლით.
ევროპის ჩემპიონატი — 2017 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ისრაელში, რუმინეთში, თურქეთსა და ფინეთში.