9/11: თვითმხილველებმა ტრაგედიის დღე გაიხსენეს

© AP Photo / Gene Boyars9/11
9/11 - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 წლის წინ, 11 სექტემბერს ალ-ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია მოაწყეს აშშ-ის ტერიტორიაზე.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერორისტულ შეტევას გადარჩენილებმა ამერიკული ტელეარხის, Fox News-ის ეთერში ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი - Sputnik საქართველო
2001 წლის 11 სექტემბერი. ტერაქტი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ჯორჯ პატაკი ამბობს, რომ „ეს თითქოს გუშინ მოხდა“, რომ მას არასდროს დაავიწყდება არც ეს დღე, არც დაღუპული მეგობრები და არც ამერიკელი ხალხის გმირობა.

„მუდამ მემახსოვრება ადამიანები, რომლებიც რიგში იდგნენ დაჭრილებისა და დაშავებულებისთვის სისხლის მისაცემად, არ დამავიწყდებიან ისინი, ვინც იმ დღეს შინ ვეღარ დაბრუნდა“., — ციტირებს ტელეარხი პატაკის სიტყვებს. 

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბერნარდ კერიკმა იმ დღეს განყოფილების 23 თანამშრომელი დაკარგა.

© AP Photo/ Amy Sancettaედვარდ ფეინი - „ადამიანი მტვერში“
ედვარდ ფეინი - „ადამიანი მტვერში“ - Sputnik საქართველო
ედვარდ ფეინი - „ადამიანი მტვერში“

„ეს მოგონებები სიკვდილამდე გაგვყვება. ვუყურებდი, როგორ ხტებოდნენ ადამიანები [ცათამბჯენიდან] თითო-თითოდ, ორ-ორად და სამნი ერთადაც კი. 9/11-ის მოვლენებმა მასწავლა, რომ სიცოცხლე არ უნდა აღვიქვათ, როგორც უბრალო მოცემულობა“, —  თქვა გადამდგარმა პოლიციელმა.

11 სექტემბერი გაიხსენა ტერაქტის უშუალო სიახლოვეს აღმოჩენილმა ბიზნესმენმა ედვარდ ფეინმაც, რომელიც მსოფლიომ გაიცნო როგორც „ადამიანი მტვერში“ ჟურნალ Fortune-ს ყდაზე გამოქვეყნებული ფოტოს წყალობით, რომელზეც თავით ფეხამდე მტვერში ამოგანგლული ფეინი ნანგრევებში მიაბიჯებს. მისი თქმით, სიცოცხლეს ის იმ ადამიანებს უმადლის, ვინც დასანგრევად განწირული შენობიდან  გამოიყვანა.

„არანაირი განსაკუთრებული გრძნობა ამ ფოტოს მიმართ არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ის გამუდმებით მახსენებს იმ დღეს“, — აღნიშნა ფეინმა.

შეგახსენებთ: 15 წლის წინ, 11 სექტემბერს ალ-ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა  კოორდინირებულ თავდასხმათა სერია მოაწყეს აშშ-ის ტერიტორიაზე. ამ დღეს 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში სრულად ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0