თბილისი, 10 სექტემბერი— Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს აწყობს, ძირითადად ეს ზუგდიდსა და აჭარაში ხდება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
„მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და კონტრაქციების გამართვისგან. ჩვენ არცერთი ოპონენტის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ კონტრაქციას არ ვმართავთ. ამასთან, ამისკენ მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებსაც“, — განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, პროვოკაციებს ჯერჯერობით სისტემატური ხასიათი არ აქვს, თუმცა, დინამიკა მზარდია.
ერთ-ერთი ინციდენტი 3 სექტემბერს ზუგდიდში მოხდა, როდესაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კანდიდატი მერაბ ქვარაია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა. შეხვედრის ადგილას „ნაცმოძრაობის“ კანდიდატ ლელა ქებულიას დედა — მზია გახარია და მისი მომხრეები მივიდნენ, რომლებმაც შეკრებილთა მისამართით ლანძღვა დაიწყეს.
პროვოკაციად შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ნაცმოძრაობის“ წევრის ნანი ივანიძის ქმედება ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კანდიდატების — ფატი ხალვაშისა და ვახტანგ წულაძის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
„იქ გაჟღერდა ერთი ფრაზა, ივანიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ადამიანები ცოცხებისა და „დუბინკების“ ღირსები იყვნენ“, — განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ — ეს მარგინალური პოლიტიკური ძალაა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათ ქვეყნის მართვა მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეუძლიათ“, — განმარტა კობახიძემ და დასძინა, რომ „ართული ოცნების“ ამოცანა სწორედ ამ პროვოკაციების აღკვეთაა.