თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში არჩევნების დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრივ ვითარების დესტაბილიზაციის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს ამ პოლიტიკურ ძალას, განუცხადა Sputnik-საქართველოს პოლიტიკურმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.
იმის შესახებ, რომ ენმ უწესრიგობებს გეგმავს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, მათ შორის, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, და ასეთი განცხადება ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა.
„ეს ჯგუფი [ენმ] რამდენჯერმე შეეცადა რაღაც მიტინგის მსგავსის, საპროტესტო აქციისა და ასე შემდეგ ჩატარებას, მაგრამ ხალხს თავი ვერ მოუყარეს. დესტაბილიზაციასაც ხალხი სჭირდება“, — აღნიშნა საყვარელიძემ.
ექსპერტის აზრით, არსებობს სხვა ასპექტიც: საქართველოში დღეს ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობით უკმაყოფილოა.
„იმდენი ადამიანია მათი მმართველობით უკმაყოფილო, რომ გამორიცხული არ არის, დესტაბილიზაცია მათთვის ცუდად დამთავრდეს“, — ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა.
მან ასევე გაიხსენა თავად ენმ-ის წარმომადგენლების მინიშნებები იმის თაობაზე, რომ არეულობა ხელს აძლევთ.
„მათ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, სოციოლოგიური გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ 20%-ზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავთ. შესაბამისად, გაკეთდა ასეთი დასკვნა. მით უმეტეს, რომ თავად განაცხადეს, რომ თუ არჩევნების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნება და ეჭვები გაუჩნდებათ, ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეეცდებიან“, — ასკვნის საყვარელიძე.
შეგახსენებთ: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერსაა დანიშნული.