თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ვ.მ. დააკავა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორ გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა“, — ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ს 353–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.