თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. გახსნილია თელავში ყოფილი პოლიციელის მკვლელობის საქმე, ეჭვმიტანილი დაკავებულია, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
თელავში 36 წლის ბექა აბულაძე 24 სექტემბრის ღამეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს საკუთარ სახლთან. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარს მის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის პერიოდს უკავშირებენ.
„ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდება“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).