თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მომავალი წლის სექტემბერში ქალ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარდება. ტურნირში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „В“ ჯგუფში შემავალი გუნდები თბილისში იასპარეზებენ, მათ შორის იქნება საქართველოს ნაკრებიც.
დანარჩენ ნაკრებებს კი, რომლებიც „А“, „С“ და „D“ ჯგუფებში გადანაწილდებიან, ბაქო უმასპინძლებს.
პრინციპულ შეთანხმებას ამ საკითხზე საქართველოს სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფრენბურთის ევროპული კონფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, რენატო არენასთან და ვიცე-პრეზიდენტ იოზგან მუთლუგილთან შეხვედრისას მიაღწია. აღ ნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები.
ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს სპორტის სამინისტრომ გაავრცელა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ამგვარი მასშტაბის ღონისძიებისთვის თბილისის მომზადების საკითხიც.
კონტინენტური პირველობის მონაწილეთა სრული სია, აგრეთვე ტურნირის ზუსტი თარიღი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.